[PR0103] ლექსიკონი
სახელმწიფო შესყიდვა – კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა;
შემსყიდველი ორგანიზაცია – სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მესამე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად;
შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამშენებლო სამუშაო;
პრეტენდენტი – პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური;
მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას;
შავი სია – სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;
თეთრი სია – სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. თეთრ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ კვალიფიციურ მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებიც აკმაყოფილებენ თეთრ სიაში რეგისტრაციისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ კრიტერიუმებს. თეთრ სიაში რეგისტრირებული კვალიფიციური მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;
გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება 5,000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში (5,000 ლარიანი მონეტარული ზღვრის გამონაკლისები იხილეთ კანონის 3-ე მუხლის ს1 პუნქტში) ან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში;
ელექტრონული ტენდერი – 5,000 ლარის ან მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ პროცედურებს;
ელექტრონული ვაჭრობა – ელექტრონული ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით შეუძლია შეამციროს მის მიერ წარდგენილი ფასი შესყიდვის პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით. ელექტრონული ვაჭრობა მოიცავს ძირითად დროსა და დამატებით რაუნდებს;
ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დრო – ელექტრონული ვაჭრობის შემადგენელი პერიოდი, რომელიც იწყება ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებისთანავე და გრძელდება სატენდერო განცხადებაში მითითებული სატენდერო წინადადებების მიღებისთვის განკუთვნილი ვადის დასრულებამდე;
ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები – ელექტრონული ვაჭრობის შემადგენელი პერიოდი – სამი დამატებითი რაუნდი, რომელიც იწყება ძირითადი დროის დასრულებიდან ხუთი წუთის გასვლისთანავე და სრულდება ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე. დამატებით რაუნდებს შორის იმართება ორწუთიანი შესვენება. თითოეულ დამატებით რაუნდში პრეტენდენტს უფლება აქვს, მხოლოდ ერთხელ შეამციროს წინადადების ფასი, რისთვისაც თითოეულ პრეტენდენტს განესაზღვრება ორი წუთი;
ტენდერის სტატუსი – კონკურსის, ელექტრონული ტენდერის ან კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის კონკრეტული ეტაპი;
კონსოლიდირებული ტენდერი – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროცედურა, რომლის დროსაც ვლინდება საუკეთესო სატენდერო წინადადება;
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში;
სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი/პრეტენდენტი/მიმწოდებელი, რომელიც, დადგენილი წესით, დარეგისტრირდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
სატენდერო განცხადება – ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში განთავსებული განცხადება, რომელიც შეიცავს ზოგად ინფორმაციას ტენდერის შესახებ (იხ. სააგენტოს თავჯდომარის ბრძანება N12, მუხლი 16).
სატენდერო დოკუმენტაცია – სატენდერო განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ტენდერის შესახებ (იხ. სააგენტოს თავჯდომარის ბრძანება N12, მუხლი 17).
სატენდერო წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და სატენდერო პირობების შესაბამისად, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სატენდერო წინადადების ფასი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი;
ტექნიკური დოკუმენტაცია – დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ;
სატენდერო წინადადების ფასი – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასი;
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი – სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტი, რომლითაც უნდა დადასტურდეს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა;
სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოსადგენი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.);
სტატუსი „გამოცხადებულია“ – სტატუსი, რომელიც მოიცავს სატენდერო პირობების გამოქვეყნებიდან ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღების დაწყებამდე ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს სატენდერო პირობებს, ხოლო სატენდერო კომისიას უფლება აქვს ამ წესის შესაბამისად, შეიტანოს ცვლილება სატენდერო პირობებში (გარდა ელექტრონული ტენდერის ჩატარების მეთოდისა და შესყიდვის ობიექტისა);
სტატუსი „წინადადებების მიღება დაწყებულია“ – სტატუსი, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს/პრეტენდენტს უფლება აქვს, წარადგინოს სატენდერო წინადადება და მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში.
სტატუსი „წინადადებების მიღება დასრულებულია“ –სტატუსი, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს ელექტრონული ვაჭრობის ძირითადი დროის ან, არსებობის შემთხვევაში, დამატებითი რაუნდების დასრულებიდან ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „შერჩევა-შეფასება“ მინიჭებამდე;
სტატუსი „შერჩევა-შეფასება“ – სტატუსი, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ფასდება პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა;
სტატუსი „მიმდინარეობს ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები“ – სტატუსი, რომელიც ჩატარებულ ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;
სტატუსი „გამარჯვებული გამოვლენილია“ – სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ საუკეთესო წინადადების მქონე პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი შეესაბამება სატენდერო პირობებს;
სტატუსი მიმდინარეობს „ხელშეკრულების მომზადება“ – სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) შეესაბამება სატენდერო პირობებს და სატენდერო კომისია მიიწვევს მას ხელშეკრულების დასადებად;
სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“ – სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებას, აგრეთვე სისტემის შესაბამის ველში მიეთითება მიმწოდებლის სახელწოდება და ხელშეკრულების რეკვიზიტები;
სტატუსი „შეწყვეტილია“ – სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ სატენდერო კომისიის დასაბუთებულ სხდომის ოქმს, რომელშიც მითითებული იქნება ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის მიზეზი და საფუძველი. ელექტრონული ტენდერისთვის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის სტატუსის მინიჭება დასაშვებია ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ელექტრონულ ტენდერს მინიჭებული აქვს ტენდერის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, „არ შედგა“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“;
სტატუსი „არ შედგა“ –სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც ელექტრონულ ტენდერს მიენიჭა ტენდერის სტატუსი „წინადადებების მიღება დასრულებულია“ და ამ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა არცერთ პრეტენდენტს არ მიუღია, ასევე, TEP ტენდერის შემთხვევაში თუ მასში მონაწილეობა არ მიუღია ხუთ პრეტენდენტს მაინც;
სტატუსი „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ – ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტი ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე ან ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, ასევე, TEP ტენდერის შემთხვევაში თუ „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე წინადადებაზე უარის თქმის გამო ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთა რიცხვი ნაკლებია ხუთზე ან შერჩევა-შეფასების შედეგად ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებში არ იქნა დაშვებული მინიმუმ ორი პრეტენდენტი;
ხელშეკრულების სტატუსი „მიმდინარე ხელშეკრულება“ – სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობას. ეს სტატუსი ხელშეკრულებას ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც ელექტრონულ ტენდერს მიენიჭება ტენდერის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“;
ხელშეკრულების სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“ – სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემაში აიტვირთება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია;
ხელშეკრულების სტატუსი „შეუსრულებელი ხელშეკრულება“ – სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემაში აიტვირთება ხელშეკრულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);
სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია – სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით;
წინადადების ფასის კლების ბიჯი – სატენდერო განცხადებაში მითითებული თანხა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0,4%-დან 2%-ის ოდენობით;